← სიახლე
აჭარის კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017-11-09

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შემუშავებულ პროგრამას შეუერთდა აჭარის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია. ორწლიანი მუშაობის შემდეგ, კალათბურთის განვითარების პროგრამაზე მუშაობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მიმდინარე წელს დაასრულა და მისი განხორციელება რეგიონებიდან დაიწყო. კახეთის, შიდა ქართლის და სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციების შემდეგ აღნიშნულ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაციაც შეუერთდა.


საქართველოს ეროვნულ და აჭარის რეგიონალურ კალათბურთის ფედერაციებს შორის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა მემორანდუმის გაფორმებით გამყარდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ მოაწერეს. 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შორის იგეგმება თანამშრომლობა რეგიონში კალათბურთის განვითრებისა და მისი პოპულარიზაციის მხრივ. თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონში სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, სახსრების მოზიდვასა და მათ რაციონალურად გადანაწილებას, რათა აჭარაში კალათბურთი ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, არ მოხდეს ნიჭიერი ახალგაზრდების თვალთახედვის არეალს მიღმა დარჩენა, რათა ამ რეგიონის საკალათბურთო რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890