← სიახლე
„მარნეულის“ პირველი გამარჯვება სუპერლიგაში

2017-11-07

დებიუტანტმა მარნეულის „დელტამ“ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. მარნეულელებმა „კაკტუსს“ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.

ჩემპიონატის 6 წაგებით დაწყების შემდეგ მარნეულელებმა გამარჯვება დააგემოვნეს და ამაში თითოეულ მოთამაშეს საკუთარი წვლილი მიუძღვის. „დელტამ“ გუნდურად ითამაშა და თამაშის სადავეებს თავიდანვე რომ დაეპატრონა, მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. შორი სროლები თუ სწრაფი გარღვევები - მარნეულელებს ყველაფერი ხარისხიანად გამოსდიოდათ და შედეგსაც იმკიდნენ.

პირველი პერიოდი „დელტამ“ 25:19 მოიგო, მეორე - 25:17, ხოლო მესამეში 24:12 იმარჯვა და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის წინ ქვემოქართლელები 26 ქულით იგებდნენ და შეხვედრა სასურველ შედეგამდე იოლად მიიყვანეს. საბოლოოდ „დელტამ“ 91:60 მოიგო და ქულებით „სოხუმს“ გაუთანაბრდა.

მარნეულელებს ამერიკელმა ლეგიონერმა - დეანდრე რეიმ 22 ქულით ულიდერა. 12-12 ქულა მიითვალეს ჯინ დონდუმელმა და ნიკ ნილმა. „კაკტუსში“ 18 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან ჯონსონი. 16 ქულა დეანდრე პარკსის ანგარიშზე დაგროვდა.

თემურ კანკია, (დელტას მთავარი მწვრთნელი):

მოვინდომეთ რასაც ქვია, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და შევძელით გუნდური კალათბურთის ჩვენება. გვქონდა გადაცემები, გვქონდა სწრაფი შეტევები, რაც მნიშვნელოვანია კალათბურთში. ამავდროულად დაცვაში ისე ვირჯებოდით, რომ ძალიან არ დავღლილიყავით. შევძელით გეგმის შესრულება და შედეგიც სახეზეა, რაც ძალიან სასიხარულოა. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ეს შესვენება, რომელიც სუპერლიგაში გვაქვს, ამაში ძალიან დაგვეხმარება. 

არჩილ ჟღენტი, (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):  

ძალიან ცუდად ვითამაშეთ, დელტამ დღეს გვაჯობა. მივულოცავ მარნეულს დამსახურებულ გამარჯვებას. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890