← სიახლე
„ოლიმპმა“ „სოხუმს“ დამაჯერებლად სძლია

2017-11-07

სუპერლიგის მორიგმა ტურმა სტარტი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო. კალენდრის თანახმად, 7 ნოემბერს 3 მატჩია დაგეგმილი - 2 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ერთიც - ბათუმში. თბილისური მატჩებიდან 1 უკვე დასრულდა: „ოლიმპმა“ ზედმეტი პრობლემების გარეშე - 97:88 დაამარცხა „სოხუმი“ და 6 მატჩში 4 მოგებით ლიდერთა შორისაა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშში დიდი სხვაობა არაა, თუმცა მატჩი არ ყოფილა დაძაბული. ოლიმპელებმა ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვეს, მეოთხე პერიოდამდე ზრდიდნენ და მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე უპირატესობა 30 ქულამდე გაზარდეს. ცხადი იყო, მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ და „ოლიმპის“ უკრაინელმა მწვრთნელმა - ლეონიდ ივატინმა მოედნიდან ლიდერები გაიხმო. ამის შემდეგ სოხუმელებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მათ წარმატების მისაღწევად ელემენტარულად დრო არ დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ „სოხუმს“ 2 ტრავმირებული ლეგიონერი - ბოგდან ბაიდა და მაკსიმ ლუცენკო აკლდათ. ისედაც, ამ გუნდს მიმდინარე სუპერლიგის 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა და ძირითადი ხუთეულის 2 წევრის დაკლებამ გვარიანად დაასუსტა. საბოლოოდ „ოლიმპმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და სანამ სხვა მატჩები გაიმართებოდეს, 4 მოგებითა და 2 მარცხით ცხრილის სათავეშია.

„ოლიმპში“ საუკეთესო იყო რევაზ როგავა, რომელმაც 33 ქულა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა მარკ ოგდენის ანგარიშზეა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა თავი 10 ქულას მოუყარა. მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა სოხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კვან უოლერმა, რომელმაც შეუცვლელად - 40 წუთი ითამაშა და 41 ქულა მიითვალა.

მომდევნო მატჩი ოლიმპიურ სასახლეში „მარნეულსა“ და „კაკტუსს“ შორის - 18:00 საათზე გაიმართება. ბათუმში ადგილობრივი გუნდი „რუსთავს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით როგავა, „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„ამ ჩემპიონატში ჩვენთვის სუსტი და ძლიერი მეტოქე არ არსებობს. ყველა თამაშისთვის თანაბრად ვემზადებით. რაც შეეხება დღვანდელ თამაშს, შედეგიანი საწყისი 3 პერიოდი ჩავატარეთ, რის შემდეგაც მოვეშვით და 30-ქულიანი უპირატესობა დავიდა 8-ზე, რაც წარმოუდგენელია და იმის ბრალია, რომ მოთამაშეები მოდუნდნენ. ამაზე გვექნება საუბარი, გავაკეთებთ დასკვნებს, მთლიანობაში კი გუნდური და საჭირო გამარჯვება იყო. ეხლა მოვემზადებით საკმაოდ საპასუხისმგებლო მატჩისთვის, რომელიც ბათუმში 11 ნოემბერს გველოდება“.

ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის“ პრეზიდენტი:

„ვულოცავ „ოლიმპს“ ამ გამარჯვებას. ბრწყინვალე გუნდია და მე მგონი, ამ პროექტმა, რომელსაც სპორტის სამინისტრო და ფედერაცია ერთობლივად ახორციელებენ, გაამართლა. ყოველწლიურად ძლიერდებიან გუნდები და ეს ძალიან მიხარია. ჩვენი გუნდი ფორსმაჟორულ სიტუაციაშია. 2 ტრავმირებული გვყავდა, დღევანდელ მატჩში მესამემაც ტრავმა მიიღო. ზოგადად კი წლეულს არ გვყავს იმ დონის ლეგიონერები, როგორსაც ვისურვებდით და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი უცხოელი მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ და „სოხუმმა“ დაიბრუნოს ის ამბიცია, რაც ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა“.

 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890