← სიახლე
"დინამო თბილისის" ღია ვარჯიში „ლუკოილ აკადემიკთან" მატჩის წინ

2017-11-06

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ 8 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის სპორტის სასახლეში ( კოსტავას ქ. N75 ) ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს.

მომავალ მეტოქეს დინამოელები 18 ოქტომბერს სოფიაში შეხვდნენ, სადაც ბოლო წუთამდე მოგების შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ 70:73 დამარცხდნენ. 3 ტურის შემდეგ ქართულ კლუბს მოგება არ აქვს და 4-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. დინამოელებმა ესპანურ „ხუვენტუტთნ“ 2 მატჩის ჯამში წააგეს, საკვალიფიკაციო ეტაპს  გამოეთიშნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი E ჯგუფში რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად  მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დარჩენილი აქვს და მის მისაღწევად 8 ნოემბრის მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

„დინამო თბილისისა“ და „ლუკოილ აკადემიკის“ შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში  (მის: კოსტავას ქ. N75) 8 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო წინა დღეს, 7 ნოემბერს, 18:30 საათზე ქართული კლუბი სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890