← სიახლე
„რუსთავის“ იოლი გამარჯვება „სოხუმთან“

2017-11-04

„სოხუმისა“ და „რუსთავის“ მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო. სტუმართა გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გაარკვია. საბოლოოდ კი რუსთაველებმა 94:62 მოიგეს და მომავალ ტურში „ბათუმთან“ მატჩის წინ ოპტიმისტური განწყობა შეიქმნეს.

შეხვედრა ქვემოქართლელთა გაქცევით დაიწყო. საწყისი 2 წუთის შემდეგ სტუმრები 10:0 დაწინაურდნენ და სოხუმელთა მწვრთნელმა, მიხეილ კობეშავიძემ წუთშესვენება აიღო. ამან „სოხუმს“ არ უშველა. რუსთაველებმა განაგრძეს დომინირება და პირველი პერიოდი 25:11 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეულში კი 34:16 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 32 ქულით გალიდერდნენ.

პერიმეტრზე თუ სამწამიან ზონაში, რუსთაველთა დომინაცია აშკარა იყო და მესამე პერიოდში სტუმართა უპირატესობამ 40 ქულას მიაღწია. შეხვედრის ბედიც გაირკვა და შეხვედრა ძირითადად სათადარიგოებმა ჩაამთავრეს. საბოლოოდ რუსთაველებმა 32 ქულით იმარჯვეს, რაშიც მათ ადამ ბლეიზეკმა 27 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით ულიდერა. 14 ქულა დააგროვა ტაირელ ნელსონმა, ხოლო რეზო ჩაჩანიძემ და ჯეკ კრუკმა შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს. სოხუმელთაგან 14 ქულით ანატოლი ჩელოვანი გამოირჩა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა 13 ქულა მოაგროვა.

ტურის დასკვნით მატჩში „მარნეული“ „ბათუმს“ დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი, (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): სოხუმი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენც დაცვაში ძალიან მოვინდომეთ და თავდასხმაშიც უფრო დალაგებულად ვითამაშეთ. ამან განაპირობა დიდი სხვაობა თავიდანვე, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. მივულოცავ ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას. შემდეგი თამაში ბათუმთან გვაქვს და შევეცდებით, რომ სათანადოდ მოვემზადოთ. 

მიხეილ კობეშვიძე, (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): როტაციის უქონლობის გამო დღევანდელ მატჩში დავმარცხდით. იმედი მაქვს სკამს შევავსებთ და უკეთ ვითამაშებთ.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890