← სიახლე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვა დაამარცხა და კლაიპედის ტურნირი მოიგო

2017-08-06 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ფინლში მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს მოუგო! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, მისსავე მოედანზე, სავსე ტრიბუნების წინ დამაჯერებლად სძლია და ამით საქართველო ლიტვის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

ქართველებმა თამაში მშვენივრად დაიწყეს. დაცვაში მწყობრი თამაშის წყალობით ლიტველებს ბურთი რამდენჯერმე ჩაუჭრეს და შედეგიანი სწრაფი შეტევებით 6:0 გალიდერდნენ. როცა თამაში დალაგდა და შენელდა, ჩვენმა გუნდმა ბრძოლის ეპიცენტრი ფარქვეშ გადაიტანა, სადაც გიორგი შერმადინი ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო.

ლიტველებს აკლდათ ლიდერი - იონას ვალანჩუნასი, რომელსაც დღეს შვილის შეეძინა და ცხადია, დარბაზშიარ იმყოფებოდა. გიორგი შერმადინმა კი სამწამიან ზონაში გაილაღა. ჩვენი ნაკრების ცენტრი თავადაც აგდებდა ორქულიან-საჯარიმოებს, რამდენჯერმე კი დამცველები თავისკენ მიიტყუა და ბურთი ფარქვეშ მარტო დარჩენილ მანუჩარ მარკოიშვილს, შემდეგ კი გიორგი ცინცაძეს გადააწოდა, რომლებმაც იოლად მიითვალეს ორქულიანები.

ლიტველთა მწვრთნელმა დაიუნის ადომაიტისმა წუთშესვენება აიღო, როცა ქართველების ლიდერობამ გვარიანად სოლიდური სახე მიიღო - 14:5. პირველი პერიოდის დარჩენილ 3 წუთში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, ქართველებმა კი სროლისას უზუსტობას უმატეს და ბალტიელებმა მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს - 21:25.

მეორე მეოთხედი ქართველებმა ჩააგდეს. ათწუთეული 8:19 წააგეს, რაც შეტევაში გახშირებული შეცდომების და დაცვაში  ყურადღების მოდუნების ბრალი გახლდათ. ლიტვამ მეორე პერიოდის ბოლოს ხელჩასაჭიდი უპირტესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდა - 40:33.

მესამე პერიოდი ქართველებმა შესანიშნავად ჩაატარეს და დაცვაში შედეგიანი თამაშის წყალობით, შეტევაში გზა რომ გაეხსნათ, ჩამორჩენა გავაბათილეთ და წინ გავედით - თორნიკე შენგელიამ მაიკლ დიქსონს დაცვაში გამოჩენილი ყოჩაღობა დაუფასა და მისგან მიღებული შორი პასი ორქულიანად აქცია - 50:49. ამის მერე ქულა-ქულაში თამაში წავიდა, თუმცა უმეტესად წინ საქართველო იყო. მაიკლ დიქსონმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და ჩვენები 58:56 დააწინაურა. მესამე პერიოდის დასრულებამდე 4 წამით ადრე არტურას მილაკნისის სამქულიანით ლიტვამ მესამე პერიოდი 59:58 მოიგო.

ცხადი იყო, რომ თანაბარი თამაში ბოლომდე გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა. მეოთხე პერიოდში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა - უმეტესწილად კი ისევ ქართველები ლიდერობდნენ. მანუჩარ მარკოიშვილის მიჯრით მითვლილ სამ და ორქულიანს საქართველოს 5 ქულით დაწინაურება მოჰყვა -  68:63 საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე. ამას მალევე დაემატა დუდა სანაძის ზუსტი გარღვევა და დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველო უკვე 7 ქულით გადის წინ - 74:67. აქ შეიძლებოდა თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილიყო, თუმცა ქართველებმა დაცვაში მოპოვებული და შეტევაში სწრაფად გადატანილი ბურთი ვერ ჩააგდეს და ლიტველებმა სწრაფი კონტრშეტევით ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს - 69:74.

თორნიკე შენგელიამ სწორედ აქ გაიბრწყინა - 2 საჯარიმო ჩააგდო, ჩვენები ისევ 7 ქულით დაწინაურა, დაცვაში კი ლიტველთა ვარსკვლავ მინდაუგას კუზმინსკასს დააფარა.  ყველაფერს წერტილი გიორგი შერმდინმა დაუსვა, რომელმაც შენგელიას პასით 2-ქულიანი ჩააგდო და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ქართველები 9 ქულით დააწინაურა - 78:69. ლიტველებს საბოლოო ლახვარი დასრულებამდე 1,29 წუთით ადრე დუდა სანაძემ ჩასცა, რომელმაც სამქულიანი მიითვალა და 81:70 - საქართველოს საამაყო გამარჯვება დაფიქსირდა კლაიპედაში, ლიტვის ნაკრებთან. გუნდთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია ყოველთვის და რომელთანაც არც ოფიციალური და არც ამხანაგური შეხვედრა არასდროს გვქონდა მოგებული. 

კლაიპედის ტურნირის ფინალური სირენა გაისმა თუ არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა გამარჯვება ერთმანეთს მიულოცეს, შემდეგ მილოცვები ლიტველებისგანაც მიიღეს და დადგა დაჯილდოვების ცერემონიალის ჯერიც. კლაიპედას საერთაშორისო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც გახდა საქართველოს ნაკრები, ლიტვის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უხვად დააჯილდოვეს. 

კლაიპედის საერთაშორისო ტურნირი. ფინალი

ლიტვა 70:81 საქართველო
21:25, 19:8, 19:25, 11:23

სტატისიტა: 70:81


ფინალური მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა თორნიკე შენგელია, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი კი ჩვენი ნაკრების ცენტრს - გიორგი შერმადინს ერგო. ტურნირის MVP ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ხათუნა სალუქვაძემ დაჯილდოვა.

და ბოლოს, ტურნირის საჩემპიონო თასი ამ მატჩში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩაიბარა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა და ლიტვაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან საქართველოში 6 აგვისტოს, შუადღს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში ნაკრების თვითმფრინავი 23:55 საათზე დაეშვება. 





 



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890