← სიახლე
16-წლამდელთა ნაკრები N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა

2017-08-01

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და 16-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები ესტუმრნენ.

სპორტსმენები მსჯავრდებულებს პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ეწვივნენ და მათთან ერთად ერთი დღე გაატარეს.

ახალგაზრდა კალათბურთელებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, ითამაშეს კალათბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. ასევე გაეცნენ დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ვიდეო პაემნების ოთახი და ხეზე კვეთის სახელოსნო.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით, მისასალმებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიდგომა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის კუთხით.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან. ვიმყოფებოდით რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში და აქაც აღფრთოვანებული ვარ იმ პირობებით რაც დაგვხვდა. ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი პირობა იმისთვის რომ ისწავლონ, დაეუფლონ თავისთვის საინტერესო პროფესიას, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერი სფეროს შესახებ, აქტიურად დაკავდნენ სპორტით. ვიმედოვნებ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“-განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს კალათბურთის ბურთები და მაისურები გადასცეს საჩუქრად.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890