← სიახლე
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

2017-07-22

გალერეა

დასრულდა 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომლის ფინალურ ეტაპს დღეს თბილისი მოლმა უმასპინძლა.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატმა სტარტი 9 ივლისს, ლისზე, თბილისის ტურით აიღო და შემდგომ რეგიონებში გადაინაცვლა. 

თბილისის ტურიდან  გასულ რვა  საუკეთესო გუნდს -  Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle,  „არიქა“,  რეგიონების საუკეთესო გუნდებიც დაემატნენ. ყვარელში ჩატარებული ტურიდან “კახეთი მიქსი“, ქუთაისიდან გუნდი “23“,  ბათუმიდან გუნდი SWAG და რუსთავიდან - Clutcherhood.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ  გამოვლინდა 12 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც დღეს ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს Old School  და „არიქადაროგაა“ შეხვდნენ.  Old School –ის გუნდში დავით ბარბაქაძე, გიორგი ბარბაქაძე, რიჩარდ მათიაშვილი და რომან ტუკვაძე ასპარეზობდნენ, ხოლო „არიქადაროგაა“-ს წევრები დათო დადუნაშვილი, კირილ ბირიუკოვი, მერაბ მირზიაშვილი და უჩა გამრეკლიძე იყვნენ.

ფინალში გამარჯვება Old School -მა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 21:12 დაამარცხა და ბუქარესტ-ჩელენჯის საგზური მოიპოვა, რომელიც 12-14 აგვისტოს  რუმინეთში გაიმართება.

ტრადიციულად  ფინალურ ეტაპზე ჩატარდა კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიან  სროლებში გამარჯვებული გიგი მელაძე გახდა, ხოლო ჩატენვების კონკურსი კირილ ბირიუკოვმა მოიგო.

საქართველოს ტურნე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და რეგიონალური ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა.  ჩემპიონატის მხარდამჭერი გახლდათ  სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრო,  სატელევიზიო პარტნიორი  კი  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რომელმაც დღეს თბილისი მოლში ფინალური მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია განახორციელა. 

დაჯილდოვება

გულშემატკივრების კუნკურსი საჯარიმო სროლებში

3X3 კალათბურთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში აქტიურად ჩაერთო მაყურებელი. გულშემატკივრებში გაიმართა კონკურსი საჯარიმო სროლებში, სადაც გამოვლენილი გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს. 


3-ქულიანების კონკურსი

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა გიგი მელაძე, რომელიც სპეციალური პრიზით სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა დააჯილდოვა.

ჩატენვების კონკურსი

ჩატენვების კონკურსში გაიმარჯვა არიქადაროგაას გუნდის მოთამაშემ წევრმა კირილ ბირიუკოვმა, რომელმაც სპეციალური პრიზი ფედერაციის  3X3 კალათბურთის განყოფილების უფროსისგან,  გიგა გურგენიძისგან ჩაიბარა. 

MVP - საუკეთესო მოთამაშე

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ბარბაქაძე, რომელიც სპეციალური პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენარალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა. 

თასის და საგზურის გადაცემა

3X3  კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდი Old School  "ბუქარესტ-ჩელენჯის" საგზურით და  საჩემპიონო თასით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

სრული გალერეა 

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):  მოხარული ვარ რომ საქართველოში ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შესაძლებლობა გვაქვს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად წარვსდგეთ და ამისთვის ყველაფერი კეთდება. საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში ლისის ტბაზე დაიწყო, მოიარა მთელი საქართველო და ჩართულობა იყო ძალიან მაღალი. ტურნირზე ღირსეულმა გუნდებმა იასპარეზეს და დასკვნით ეტაპზე ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც რუმინეთში საქართველოს სახელს წარადგენს. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და ასევე ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ჩაერთვება 3X3  კალათბურთში.  ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ  წინსვლაში.

გიგა გურგენიძე (3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი): ბუქარესტში იმართება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკლუბო ტურნირი, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდები იყრიან თავს. იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის სახელს და წარმატებით იასპარეზებენ.

გიორგი ბარბაქაძე (3X3 კალათბურთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე): ლისზე გამართული თბილისის ტურით დავიწყეთ ასპარეზობა, სადაც გავხდით გამარჯვებულები და მოუთმენლად ველოდებოდით დღევანდელ დღეს.  3X3 კალათბურთი უკვე ოლიმპიური სახეობა გახდა და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მოხარული ვარ რომ ჩვენი გუნდი რუმინეთში გასამართ ტურნირზე იასპარეზებს. გულშემატკივარს ვპირდებით რომ  საერთაშორისო არენაზე წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს  გავაკეთებთ. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890