← სიახლე
დინამომ რუსთავი ისევ დაამარცხა და ფინალში ქუთაისს შეუწყვილდა

2017-05-15

 გალერეა

სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია. საჩემპიონო სერიაში 5 დღის წინ გასულ „ქუთაისს“ დღეს „დინამო“ შეუერთდა. ამდენად, განმეორდა შარშანდელი ფინალი, რომელშიც იმერული გუნდი ტიტულის დაცვას ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან ეცდება.

„დინამომ“ ფინალის საგზური „რუსთავთან“ ბრძოლაში მოიპოვა. ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებულმა „დინამომ“ მესამე მატჩი რუსთავში გამართა, სადაც მასპინძლებმა წინააღმდეგობა კი გაუწიეს თბილისელებს, მაგრამ მოგების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ორივე გუნდს ტრავმის გამო თითო მოთამაშე აკლდა. მასპინძლებს  ქუსლნატკენი ტომი სპანოლო ვერ ეხმარებოდა, ხოლო დინამოელებს - მუხლმტკივანი დეონტა ვონი.

„დინამომ“ პირველი პერიოდი 31:26 მოიგო, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენებისთის 13 ქულით გალიდერდა. მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა - ჯერ დინამოელები გაიჭრნენ 20 ქულით წინ, შემდეგ კი მასპინძლებმა შორი სროლებით ჩამორჩნა 10 ქულამდე შეამცირეს.

გადამწყვეტ პერიოდში მასპინძელბმა ვერაფერი დაუპირისპირეს დინამოელებს და საბოლოოდ 26 ქულით - 86:112 დამარცხდნენ. თბილისურ გუნდში 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 22 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით მიხეილ  ბერიშვილი გამოირჩა. 19 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ, 16-16 ქულით კი მიხეილ ჭოჭუა და ილია ლონდარიძე გამოირჩნენ. რუსთაველთაგან 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ბრიგსი, ჩარლი ლის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

„დინამოსა“ და „ქუთაისს“ შორის ფინალური სერია სტარტს 22 მაისს აიღებს. ამავე დღეს გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს „კაკტუსი“ და „რუსთავი“ შეხვდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთვარი მწვრთნელი):

„ძალიან ძნელია დინამოს დამარცხება, თუმცა მესამე პერიოდში გვქონდა შანსი, მატჩში გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ თავი იჩინა დაღლილობამ. ასევე იყო ნერვიული ფონი, რის გამოც დაცვაში გავუშვით ბევრი ბურთი. დაცვა იყო ნოლი. შეტევაში მოპოვებული 86 ქულა არაა ცუდი შედეგი, მაგრამ ცუდმა დაცვამ განაპირობა ეს წაგება. ვულოცავ დინამოელებს ფინალში გასვლას. ჩვენ კი ვეცდებით მესამე ადგილის მოპოვებას“

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

„პირველად, ამ სეზონში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოთამაშეებს, იმიტომ რომ გავედით ფინალში. ეს არ იყო იოლი, მიუხედავად იმისა, რომ სერია 3:0 მოვიგეთ. დღევანდელი თამაშის დეტალებზე არ ვისაუბრებ. უკვე ხვალიდან, უფრო სწორად, დღეიდან, ვიფიქრებთ და მოვემზადებით ფინალისთვის. იმედია, შემოგვიერთდება დეონტა ვონი, რომლის არყოფნაც დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არის დრო რათა ძალები აღვიდგინოთ და ფინალში შევხვდეთ „ქუთაისს“.

ფოტო: მირიან ჩხეიძე (რუსთავის პრეს-სამსახური)


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890