← სიახლე
კაკტუსმა ქუთაისს სერიაში ჩამორჩენა შეუმცირა

2017-05-09

 გალერეა

სუპერლიგის ნახევარფინალური სერია „ქუთაისსა“ და „კაკტუსს“ შორის გრძელდება. იმერულმა კლუბმა სერიის საწყისი 2 - საშინაო შეხვედრები მოიგო და დღეს, თბილისში „კაკტუსს“ დაუპირისპირდა. მატჩი თბილისურმა გუნდმა მოიგო და ჩამორჩენა შეამცირა - 1:2.

კაკტუსელებმა სტაბილურად ითამაშეს. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ არჩილ ჟღენტის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა - მეორე მეოთხედი 24:12 მოიგო და დიდ შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდა - 46:33.

მეორე ტაიმში „ქუთაისი“ დიდად ეცადა, მაგრამ სტაბილურად მოთამაშე „კაკტუსთან“ ვერას გახდა. თბილისურმა გუნდმა საბოლოოდ 84:69 იმარჯვა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. კაკტუსელთაგან 23-23 ქულით დავით ლომიძე და ტაილერ უაითი გამოირჩნენ. 16 ქულა მოაგროვა ბექა ჩიკვილაძემ, ჯონ ფლოვიესის ანგარიშზე კი 10 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. „ქუთაისში“ 14 ქულით გოგა ცეკვავა გამოირჩა, ბექა ბექაურმა 13 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა და 14 პასი დაგროვდა.

„კაკტუსსა“ და „ქუთაისს“ შორის სერიის მომდევნო მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

აჩიკო ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მოთამაშეები ბოლომდე ითამაშებდნენ, იმიტომ რომ სერიის პირველი ორი მატჩი ნამდვილად არ გვითამაშია ქუთაისში ცუდად. მადლობა და ვულოცავ ჩემ მოთამაშეებს, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და შევეცდებით, რომ ხვალ კიდევ უფრო დიდი ბრძოლა გავუმართოთ. 

კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ კაკტუსს გამარჯვებას. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, სხვა ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სპორტში ასეთი დღეები როდესაც არაფერი არ მიგდის, ეს ალბათ გადაღლილობის ბრალი, ან კონცენტრაციის არქონა იყო. მოსალოდნელი იყო ბრძოლა, წავაგეთ, მაგრამ ხვალ გვაქვს მომდევნო თამაში და ვეცდებით, რომ აქვე დავასრულოთ სერია. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890