← სიახლე
ქუთაისმა კაკტუსს 15 ქულით სძლია და სერიაში 2:0 გალიდერდა

2017-05-05


სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე, საშინაო შეხვედრაც მოუგო „კაკტუსს“, სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებს. იმერულმა კლუბმა გუშინ გამართული სერიის პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღეს შედარებით იოლად იმარჯვა. თუკი 4 მაისის მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, დღევანდელ შეხვედრაში 15-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 82:67.

მიუხედავად ანგარიშში სოლიდური სხვაობისა, „კაკტუსმა“ ღირსეულად იბრძოლა და შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი თბილისური გუნდი პირველივე პერიოდიდან კუდში მისდევდა „ქუთაისს“, ანგარიში რამდენჯერმე გაათანაბრა კიდეც. „კაკტუსი“ ერთადერთხელ, მატჩის მერვე წუთზე დაწინაურდა (19:18), თუმცა ლიდერობა მალევე დაკარგა და ჩვეული, მდევრის ამპლუას დაუბრუნდა.

ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგეს და უპირატესობის მოპოვება მესამე პერიოდის მეორე ნახევრიდან მოახერხეს დაცვაში შედეგიანი თამაშის წყალობით. მასპინძლებმა მეტოქეს ქულების მოგროვება გაუძნელეს, თავად კი შეტევაში სიზუსტეს უმატეს და მესამე პერიოდის 15:12 მოგებით ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით დაწინაურდნენ.

„კაკტუსს“ მოგების მოპოვება რომ შესძლებოდა, გადამწყვეტი პერიოდის დასაწყისშივე უნდა შეეცვალა ვითარება, თუმცა ეს ვერ მოახერხა და „ქუთაისმაც“ ისარგებლა: ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდა და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყვიტა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მასპინძელთა მოგებას საფრთხე არ დამუქრებია.

ქუთაისურ გუნდს 24 ქულით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 11 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა. 10 ქულა მოაგროვა ზაურ ფაშაევმა, ხოლო ბექა ბექაურის ანგარიშზე 9 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. „კაკტუსში“ 20 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ ფლოვიესი. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ბექა ჩიკვილაძემ.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი თბილისში, 9 მაისს გაიმართება. ხვალ კი მეორე ნახევარფინალური სერია აიღებს სტარტს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14:00 საათზე „დინამო“ „რუსთავს“ უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას ჩემს გუნდს, სერიაში 2:0 დავწინაურდით, თუმცა მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ თბილისში გველოდება.

არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): ძლიერმა გუნდმა დღეს ყველაფერში გვაჯობა. წაგებას ჩემ თავზე ვიღებ. შემდეგი შეხვედრა უკვე თბილისში გვაქვს, მოვემზადებით და ვეცდებით გავიმარჯვოთ.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890