← სიახლე
ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია

2017-04-29

 გალერეა

საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ გახდა. შარშან წაგებული ფინალის შემდეგ იმერულმა კლუბმა ამჯერად მოახერხა „დინამოს“ დამარცხება და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტიტულს დაეპატრონა.

მიმდინარე სეზონში ქუთაისურ კლუბს ყველა მატჩი ჰქონდა „დინამოსთან“ წაგებული. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისურმა კლუბმა „ქუთაისს“ სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ოთხივე მატჩი მოუგო. დღეს გამართული თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა განსხვავებული გამოდგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გონივრულად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და სატიტულო მატჩი დამაჯერებლად მოიგეს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 26:9 მოიგეს. მეორე მეოთხედში სტუმართა დომინირება გაგრძელდა. მთავარი შემტევი იარაღი სამქულიანი სროლები იყო. „ქუთაისის“ კალათბურთელებმა პირველ ნახევარში განხორციელებული  საწყისი 10 შორი სროლიდან 9 ჩააგდეს, 20-ქულიან ლიდერობას დაეპარტრონნენ და დიდ შესვენებაზე დამშვიდებულები გავიდნენ. აღსანიშნავია აკაკი ლომოურის კარგი თამაში, რომელმაც 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

მესამე მეოთხედში დინამოელებმა თამაში გამოასწორეს. ილია ლონდარიძისა და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანობას ჩამორჩენის შემცირება მოჰყვა. თბილისურმა გუნდმა მესამე პერიოდი 26:16 მოიგო და გადამწყვეტი 10-წუთეულის წინ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. დასკვნით პერიოდში დაცვისა და შეტევის კომბინირებულად გამართულმა თამაშმა ქუთაისელები გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ 86:77 – „ქუთაისის“ სასარგებლოდ, რომელმაც საქართველოს თასი 2014 წლის შემდეგ მეორედ მოიგო.

თასის მფლობელებს 19 ქულით აკაკი ლომოურმა ულიდერა. 12-12 ქულა დააგროვეს გიორგი ცინცაძემ და ზაურ ფაშაევმა. 11 ქულა მიითვალა გოგა ცეკვავამ, 9 ქულა და 8 მოხსნა ბოსნიელი დრაგან ტუბაკის ანგარიშზე დაგროვდა. „დინამოში“ 25 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 16 ქულა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო 15 - დეონტა ვონმა მოაგროვეს.

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. გამარჯვებული ქუთაისელები სპეციალური მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ფედერაციის გამგეობის წევრებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა - გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვეს. 

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი ლომოური დასახელმა, რომელმაც "ქუთაისს" 19 ქულა მიაშველა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანს - გოგა ცეკვავას მთავარი ტიტული - საქართველოს თასი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):

- ვულოცავ ჩვენს გუნდს და ქუთაისელებს ამ გამარჯვებას. თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. „დინამოსთან“ მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი მატჩი წავაგეთ და წინ სავარაუდოდ არაერთი დაძაბული მატჩი გველოდება. დღეს კი ჩვენი დღე იყო. ბიჭებმა დამაჯერებლად ითამაშეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ერთიანი ძალებით მოვახერხეთ ტიტულის მოგება.

აკაკი ლომოური (ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე):

- „დინამომ“ ამ სეზონში ყველა მატჩი მოგვიგო, რაც ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის, ბოლომდე გვებრძოლა და ამან შედეგი გამოიღო. ყველამ მაქსიმუმი გაიღო და სოლიდურ მეტოქეს პრინციპული მატჩი მოვუგეთ. რაც შეეხება ჩემს ტიტულს, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ბიჭები ყველანაირად გვერდში მედგნენ და ეს ტიტული მათაც ეკუთვნით. წინ სუპერლიგის პლეი ოფია და ხვალიდან მთლაიანდ მომავალ მატჩებზე გადავერთვებით“.



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890