← სიახლე
რუსთავმა სოხუმი დაამარცხა და პლეიოფის საგზური გაინაღდა

2017-03-18

სტატისტიკა

სუპერლიგის 22-ე ტური "რუსთავისა" და "სოხუმის" მატჩით დასრულდა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა "რუსთავმა" კონკურენტ "სოხუმს" სძლია და პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, რუსთაველები საუკეთესო ოთხეულს მიღმა არ დარჩებიან. შესაბამისად, ქვემოქართლელებისთვის დღევანდელ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. რუსთაველებს გამარჯვება სჭირდებოდათ და გუნდური თამაშის ხარჯზე მიზანს მიაღწიეს კიდეც. თუმცა აღსანიშნავია სოხუმელთა ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც მატჩის საწყისი 3 პერიოდი კარგად ჩაატარეს და შეხვედრის 30 წუთის თავზე იგებდნენ კიდეც. ბოლო პერიოდის წინ "სოხუმი" მასპინძლებს 1 ქულით უგებდა, თუმცა რუსთაველებმა გაადამწყვეტ ათწუთეულში სამაგალითოდ ითამაშეს და პერიოდის 34:14 მოგებით საბოლოოდ დიდი სხვაობით - 88:69 გაიმარჯვეს. რუსთაველთაგან 23 ქულით ბომბარდირი გახდა რეზო ჩაჩანიძე. 18 ქულა ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე დაგროვდა. 17 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა შეხვედრა სერგო ათუაშვილმა. "სოხუმში" 17 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრ ტიშჩენკო, 14 ქულა დაუგროვდა დუეინ ლათანს. სუპერლიგის მორიგი, 23 ტურის ხუთივე მატჩი 25 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ჩვენ გუნდს მივულოცავ ამ წარმატებას. მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და გავინაღდეთ ადგილი ოთხეულში.  ვფიქრობ გამარჯვებას კარგი  დაცვის ხარჯზე მივაღწიეთ, რამაც შეტევაში თავისუფლად თამაშის საშუალება მოგვცა. ჩემპიონატის ბოლო მე-4 წრე დაიწყო და დაზაბულობამ პიკს მიაღწია.  სუსტი გუნდი ჩემპიონატში არ არსებობს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

ვიტალი ჩერნიი ("სოხუმის"მტავარი მწვრთნელი): საწყის სამ პერიოდში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლომდე ვერ მოვახერხეთ წარმატებული ტემპის დაჭრა. ბოლო პერიოდში მეტოქემ არაერთი შორი სროლა ჩაგვიგდო, რაც გახდა კიდეც მატჩის შედეგის განმსაზღვრელი. ეს უპირველესად დაცვაში ჩვენი თამაშის ხარვეზებია, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ. ის, რომ ბოლო პერიოდში გავტყდით, ფსიქოლოგიური სახის პრობლემაზეც მიუთითებს, რაზეც მუშაობა გვმართებს. წინ 5 ტურია და ვეცდებით, პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში ადგილი მოვიპოვოთ.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890