← სიახლე
ოლიმპმა კაკტუსს შანსი არ დაუტოვა

2017-03-05

 გალერეა

სუპერლიგის მე-20 ტური ნაკლებად საინტერესო თამაშით დასრულდა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა „ოლიმპმა“ ძალიან იოლად - 90:46 დაამარცხა ცხრილში მასზე მაღლა მყოფი „კაკტუსი“ და აუტსაიდერობა თავიდან აირიდა.

შესაბამისად, დღეს „ქუთაისის“ მომგებმა „მგზავრებმა“ ცხრილის ბოლო ადგილს მხოლოდ 2 საათით დააღწია თავი. „ოლიმპმა“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ფავორიტად მიჩნეულ „კაკტუსს“ ისე მოუგო, მცირედი შანსიც არ მიუცია.

ოლიმპელებმა ოთხივე პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და მთლიანობაში 44 ქულით იმარჯვეს. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გაირკვა, როცა „ოლიმპის“ ლიდერობამ 30 ქულას გადააბიჯა. გამარჯვებულებს 21 ქულით ტრე ბურნეთმა ულიდერა. 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა რეზო როგავამ, 10 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ვალტერ პიჩფორდმა შეასრულა. კაკტუსელთაგან 13 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ჩიკვილაძე, 12 ქულა და 7 მოხსნა კი ტერიკ ბრიჯმენმა მიითვალა.

სუპერლიგის მორიგი - 21-ე ტური 10 და 11 მარტს - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.  

მატჩისშემდგომი კომენტარები

ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):

„დიდი ხანი ვგეგმავდით შედეგს. კარგად გავუმკლავდით კაკტუსის მთავარ სნაიპერებს დაცვაში და ვფიქრობ ამან იქონია გავლენა დღევანდელი მატჩის შედეგზე. “

არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):

„გვქონდა ილუზიები, რომ ოთხეულში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. ვთვლი, რომ ამ თამაშით ჩემი გუნდი არ არის ღირსი ოთხეულში რომ ითამაშოს. როგორც თავიდან იყო ვარაუდი, რომ სუპერლიგაში ადგილი შეგვენარჩუნებინა, გამართლდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.“ 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890