← სიახლე
სოხუმმა ბათუმს 11 ქულით სძლია

2017-03-05

 გალერეა

სუპერლიგის მე-20 ტურის ოთხივე მატჩს თბილისი მასპინძლობს. ოლიმპიურ სასახლეში პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ. აჭარულ გუნდს დიდი დანაკლისი აქვს ამერიკელი ცენტრის, კრის ფელჩერის სახით და დღვანდელ მატჩშიც ძირითადად ფარქვეშ დათმობილი პოზიციების გამო წააგო.

ორივე გუნდი ცხრილის შუაში იმყოფება და შესაბამისად, ორივეს ოთხეულში გასვლის, ასევე სუპელრიგის აუტსაიდერებში აღმოჩნის შანსი გააჩნია. სოხუმელებს დღვანდელმა გამარჯვებამ ცხრილში მე-4 ადგილი მოუტანა, ხოლო წაგებული „ბათუმი“ სუპერლიგის აუტსაიდერების - „ოლიმპისა“ და „მგზავრებისკენ“ დააქვეითა.

არადა, „ბათუმმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 20:13 მოიგო. მეორეში სოხუმელებმა თამაში დაალაგეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენაც შეამცირეს და დაწინაურდნენ კიდეც - 39:32. მეორე ტაიმში თამაში სოხუმელთა დომინირებით გაგრძელდა და „ბათუმი“ მასპინძლებთან 7 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა.

საბოლოოდ „სოხუმმა“ 75:64 მოიგო. გამარჯვებულებს ალექსანდრ ტიშჩენკომ ულიდერა 19 ქულით. 12 ქულა ჰქონდა დავით ბარბაქაძეს, ხოლო 10 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დუეინ ლათანმა მოაგროვა. „ბათუმში“ 16-16 ქულით უკრაინელები - ილია შემოსიუკი და იგორ კრივცოვი გამოირჩნენ. 15 ქულა მოაგროვა კახა ჯინჭარაძემ.

მორიგ მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):

„საჭირო და კარგი გამარჯვება იყო. გუნდის წევრებმა კარგად შეასრულეს მიცემული დავალებები. იყო შეცდომებიც, მაგრამ მათი გამოსწორება დროულად მოვახერხეთ და გამარჯვებამდე მივედით, რასაც გულით ვულოცავ ქომაგებს, რომლებიც მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს. სამუშაო პროცესი გრძელდება და ჩვენი მიზანია, თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ“.

დავით უსტიაშვილი (ბათუმის მწვრთნელი):

„როგორც მოგეხსენებათ, დანაკლისი გვაქვს შემადგენლობაში და ამანაც იმოქმედა დღევანდელ წაგებაზე. რაღაც პერიოდში კარგადაც ვითამაშეთ, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში მოვეშვით. ვულოცავ სოხუმს დამსახურებულ გამარჯვებას! ვემზადებით მეორე თამაშისთვის, ბევრი ტრავმები და პრობლემები გვაქვს, სამწუხაროდ დრო კი უფრო და უფრო ცოტა რჩება.“ 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890