← სიახლე
სოხუმმა ოლიმპს დამაჯერებლად მოუგო

2017-03-02

 გალერეა

სუპერლიგის მე-19 ტური დღეს თბილისში განახლდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 28 თებერვალს ბათუმში გაიმართა, სადაც „ქუთაისმა“ იოლი გამარჯვება მოიპოვა. ტურის დარჩენილი მატჩები დღეს თბილისსა და რუსთავში გაიმართება. ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა: „სოხუმმა“ ანგარიშით 90:76 „ოლიმპი“ დაამარცხა.

„სოხუმი“ პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, „ოლიმპი“ კი - სუპერლიგაში დასარჩენად. ორივე გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრის პირველსავე პერიოდში სოლიდურ უპირატესობას სოხუმელები დაეპატრონნენ. ვიტალი ჩერნიის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი პერიოდი 18:10 მოიგო, ხოლო მეორეში ლიდერობას 1 ქულა მიამატა - 35:26.

თუკი „ოლიმპს“ რაიმე ამბიცია ჰქონდა, მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღა, თუმცა სოხუმელებმა დაცვაშიც კარგად ითამაშეს და შეტევაშიც: შედეგად ათწუთეული 22:18 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდნენ. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. „სოხუმმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც სოლიდური წილი დუეინ ლათანმა დაიდო. ამერიკელმა ლეგიონერმა გამარჯვებულებს 26 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 16 ქულა ალექსანდრ ტიშჩენკოს ანგარიშზე დაგროვდა, გიორგი ჯგერენაიამ კი 14 ქულა მიითვალა. „ოლიმპში“ 17 ქულით საუკეთესო იყო ტრე ბურნეთი.

ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):

- ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც სრული შემადგენლობით ჩავატარეთ. მოთამაშეებმა იმ მონახაზის დიდი ნაწილი გადაიტანეს მოედანზე, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. გვქონდა შეცდომები, მაგრამ პრობლემები მალე გამოვასწორეთ. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაც გახლდათ. დიდი მადლობა მათ ქომაგობისთვის. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890