← სიახლე
დინამომ მგზავრები თასის ნახევარფინალში არ გაუშვა

2017-02-16

 სტატისტიკა  
 გალერეა

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალისტი ცნობილია. სუპერლიგის დაუმარცხებელმა ლიდერმა „დინამომ“ „მგზავრებს“ ბოლო პერიოდში აჯობა და 78:69 გამარჯვებით მეოთხედფინალური ბარიერი წარმატებით დაძლია.

„მგზავრებმა“ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტად მიჩნეულ დინამოელებს, რომლებსაც მართალია, ძირითადი ცენტრი, ილია ლონდარიძე აკლდათ, თუმცა მაინც საკმაო უპირატესობას ფლობდნენ. პირველი მეოთხედი ფრედ - 18:18 დასრულდა, მეორეში კი „მგზავრებმა“ იძალეს და სწრაფი თამაშის წყალობით 4-ქულიან ლიდერობას დაეპატრონნენ - 38:34, რაც დიდი შესვენებისთვის 2 ქულამდე შემცირდა.

მესამე პერიოდში დინამოელებმა აქცენტი შორ სროლებზე გააკეთეს და ამ კომპონენტის შედეგიანი შესრულებით ჩამორჩენა 6-ქულიან ლიდერობაში გარდასახეს. ბოლო მეოთხედში სუპერლიგის ლიდერმა შედეგიანი თამაში განაგრძო, „მგზავრებს“ კი სიზუსტემ უმტყუნა და „დინამოს“ ლიდერობა 10-ქულიან ზღვარს ასცდა - 66:55. დარჩენილ 5 წუთში „მგზავრებმა“ ვეღარ მოახერხეს ვითარების გამოსწორება და „დინამომ“ გამარჯვებასთან ერთად თასის ნახევარფინალის საგზური გაიფორმა.

ნახევარფინალში „დინამოს“ მეტოქე 24 თებერვალს გასამართ მეოთხედფინალში გამოვლინდება, რომელშიც ერთმანეთს „ბათუმი“ და „სოხუმი“ შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში გასულია „რუსთავი“, რომლის მეტოქეც 23 თებერვალს, „ქუთაისისა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890