← სიახლე
All Star 2014

2014-01-26

 გალერეა

All STAR 2014

სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას რუსთავმა პირველად უმასპინძლა. აქციამ სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, მაყურებელმა საინტერესო შოუ იხილა. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთსო მოთამაშეების დაპირისპირებასთან ერთად მაყურებელმა საინტერესო კონკურსები იხილა - 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

ოლ სტარი 2014 გაფორმებული იყო სხვადასხვა საინტერესო წარმოდგენით. მაყურებლის წინაშე წარსდგა ტანმოვარჯიშეთა გუნდი, ჯგუფი „ჰოფერსი“, რომელმაც აკროდანქის შოუ შემოგვთავაზა  და ასევე როკ-ჯგუფი "ჰენგოვერი".

ყველა ვარსკვლავთა მატჩს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვები დაესწრნენ, რომლებსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან საჩუქრად ბურთები გადაეცათ.


ყველა ვარსკვლავის მატჩი

მატჩი გამოვიდა ისეთი, რისთვისაც იგი იმართება. არ იყო დაცვა, იყო ბევრი ჩაგდებული და ეფექტურად ჩატენილი ბურთი. ჯამში მოგროვებული 257 (139:118) ქულიდან უმეტესობა ეფექტურად, ან ეფექტური კომბინაციის შედეგად იყო ჩაგდებული.

"ირაკლი ხოშიტარიას გუნდმა" ჯერემი საიმონსისა და სტევან მილოშევიჩის მოწადინებით გაიმარჯვა. ორივე მათგანი ძალიან მობილიზებული იყო. მათ ჯამში 63 ქულა და 24 მოხსნა მიითვალეს.

დინამოელი გიორგი გამყრელიძე ქულების დაგროვებაზე არ იყო ორიენტირებული, ის თანაგუნდელებს შედეგიანი გადაცემებით ამარაგებდა და მატჩის ბოლოს 14 პასი დაუგროვდა. 17 ქულა მიითვალა ბესო ლეჟავამ, 15-15 კი სოხუმელი ვახტანგ ქადარიასა და მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე იყო.

"კოტე ტუღუშის" გუნდში ბომბარდირი არმიელი გიორგი ჯგერენაია გახდა, რომელმაც თავი 24 ქულას მოუყარა. ქუთაისელმა გიორგი ბარბაქაძემ 16 ქულა დააგროვა, ხოლო შსს-ელმა მერაბ ბოქოლიშვილმა მეტოქეს 15 ჩაუგდო.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო და ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მესამე პერიოდში "ირაკლი ხოშტარიას" გუნდმა იძალა, პერიოდი 36:22 მოიგო და იმხელა მარაგი შეიქმნა, რომ ბოლო ათწუთულში ლიდერობა იოლად შეინარჩუნა. გამარჯვებას პირობითი მნიშვნელობა ჰქონდა - მთავარი მოხდენილად ჩაგდებული ბურთებისგან მიღებული სიამოვნება იყო, რომელიც მისმა შემსრულებლებმა და მაყურებლებმა თითქმის ერთი დოზით განიცადეს. საბოლოოდ 139:118 "ხოშტარიას" გუნდის სასარგებლოდ, რომელიც "დინამოს", "სოხუმის" და "ოლიმპის" კალათბურთელებისგან იყო დაკომპლექტებული.

ირაკლი ხოშტარიას გუნდი  VS  კოტე ტუღუშის გუნდი

139-118

ჩატენვების კონკურსი

კონკურსში 3 კალათბურთელი მონაწილეობდა. გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი), ჯერემი საიმონსი (სოხუმი) და აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი). მეოთხე მონაწილე - მერაბ ბოქოლიშვილმა პირველ ტაიმში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გამოსულა.

ფინალში უმაღლესი შეფასების მიმღები საიმონსი და დვალიშვილი გავიდნენ. ჩატენვების კონკურსის ფინალი მატჩის ბოლოს გაიმართა და მატჩი-აქცია ამაღლებულ ნოტაზე დააგვირგვინა. პირველმა ეტაპმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ჟიურის წევრებმა - რამაზ გოგობერიშვილმა, მიხეილ ბერუაშვილმა და ირაკლი ჯაფარიძემ ორივე კონკურსანტს უმაღლესი - 10-10 ქულა მიანიჭეს.

მეორე ცდაზე ამერიკელმა ჯერემი საიმონსმა იმდენად მოხდენილად ჩატენა, რომ მის მერე გამოსული დვალიშვილის გდების ეფექტურობა გადაფარა. საიმონსი საპირისპირო ფარიდან გამოექანა და საჯარიმოს ხაზიდან ამხტარმა ჩატენა ბურთი. სწორედ ეს ეფექტურობა გახდა "სოხუმის" ამერიკელი ლეგიონერის გამარჯვების მიზეზი.

 3-ქულიანების კონკურსი

პირველ ეტაპზე ერთმანეთს ფინალში გასასვლელად 6 კალათბურთელი შეეჯიბრა. მონაწილეებს შორის მცირე განსხვავება დაფიქსირდა, თუმცა მილოშ პეშიჩს, ირაკლი ჩლაიძეს, გიორგი გამყრელიძეს და მიხეილ ჭოჭუას გრიგოლ შვანგირაძემ და შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულმა გიორგი ბარბაქაძემ აჯობეს.

ფინალში მოქმედ ჩემპიონს არ გაუმართლა, 25 3-ქულიანი სროლიდან უმეტესობა ააცილა და გამარჯვება სტაბილურ გრიგოლ შვანგირაძეს დარჩა, რომელიც აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

 დაჯილდოვება

ტრადიციულად, დაჯილდოვების ცერემონიალი ბოლოს, ერთიანად გაიმართა. ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. "ყველა ვარსკვლავის"მატჩის MVP გახდა სტევან მილოშევიჩი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა. ოლ სტარის სნაიპერს გრიგოლ შვანგირაძეს სპეციალური პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა, გია სანაძემ გადასცა. ჩატენვებში საუკეთესო ჯერემი საიმონსმა კი პრიზი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან - ვლადიმერ ბოისასგან ჩაიბარა.
 გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ სუპერლიგის გენერალური სპონსორისგან - აზარტული თამაშების კომპანია "ევროპა-ბეთისგან".

2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890