← სიახლე
არმია და დინამო ნახევარფინალში გავიდნენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

2014-01-23

 გალერეა

საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ნახევარფინალში გუშინ გასულ "სოხუმს" და "ქუთაისს" დღეს "არმია" და "დინამო" შეუერთდნენ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილი არმიელები ნახევარფინალში იოლად გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 20 იანვარს, მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა რუსთავში 17 ქულით წააგო, მისი მწვრთნელი იმედიანად იყო და დღეს დანაპირევიც შეასრულა. რუსთავში წაგების შემდეგ ტუღუშმა განაცხადა, რომ დიდი სხვაობით დამარცხების მიუხედავად, ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდებოდა.

არმიელებმა საპასუხო მატჩის პირველ ნახევარში რუსთაველებს 13 ქულა გაუბათილეს - დიდი შესვენებისთვის 43:30 იგებდნენ. მესამე მეოთხედში ტუღუშის გუნდმა სასურველ, 17-ქულიან ზღვარს გადააბიჯა და კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მესამე მეოთხედის ბოლოს "არმია" უკვე 23 ქულას იგებდა და როცა მასპინძელთა ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია, ყველაფერი ცხადი გახდა. საბოლოოდ არმიელებმა 29 ქულით - 80:51 იმარჯვეს და ნახევარფინალში გასვლა ოფიციალურად გაიფორმეს.

არმიელებმა გუნდურად ითამაშეს - ექვსმა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი - 17 ქულა, გიორგი ჯგერენაიამ დააგროვა. ბექა წივწივაძემ 16 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 11-11 ქულა ჰქონდათ ჟოლივეტ ტუჯანის და ზვიად ბაბიაშვილს. რუსთაველთაგან 13 ქულით სერგო ათუაშვილი გამოირჩა, დავით გუგავამ და ლევან ხმელიძემ კი 10-10 დააგროვეს.

ბრძოლა არც მეორე მეთხედფინალში შედგა. "დინამომ", რომელმაც 3 დღის წინ "ოლიმპს" 10-ქულიანი მარცხი აკმარა, მეტოქე მეორე მატჩში არ დაინდო და 89:42 გაანადგურა. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც დინამოელებმა 16:10 მოიგეს. მეორე ათწუთელიდან ირაკლი ხოშტარიას გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა. პირველი ტაიმის ბოლოსთვის "დინამო"უკვე 22 ქულას იგებდა და საბოლოოდ ლიდერობა 47 ქულამდე გაზარდა.

"დინამოში" 25 ქულით თავი ზვიად ანთაძემ გამოიჩინა, ქიენ კარტერმა და სტევან მილოშევიჩმა კი 12-12 ქულა დააგროვეს. ოლიმპელთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია - ირაკლი გულისაბედაშვილმა და რევაზ ათანელიშვილმა 9-9 ქულა მიითვალეს.

ნახევარფინალური წყვილები შეიკრა: "დინამო" – "სოხუმი" და "არმია" – "ქუთაისი". მეოთხედფინალის მსგავსად, გამარჯვებული ნახევარფინალურ სერიაშიც 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. სერიის პირველი მატჩები 27 თებერვალს წყვილში მეორედ მითითებული გუნდების მოედანზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 1 მარტს ჩატარდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არმია - რუსთავი  80:51

კოტე ტუღუში(,,არმიის'' მთავარი მწვრთნელი): ძალიან საინტერესოა, რომ ასეთი სისტემით ტარდება საქართველოს თასი, ორთამაშიანმა სერიამ დაძაბულობა შემოიტანა ყველა შეხვედრაში. პირველ თამაშში ცუდად ვითამაშეთ, მეტოქეს 17-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, მაგრამ დღეისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, ბიჭებმა ყველა მითითება ზუსტად შეასრულეს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ნამდვილი გმირობისთვის. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ვფიქრობ, ქუთაისი არა მარტო თასის გათამაშების, არამედ, ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მითუმეტეს, საკუთარ კედლებში. განსაკუთებული ომი გველის იქ და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.  

დინამო - ოლიმპი  89:42

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს'' მთავარი მწვრთნელი): პირველ მოგებულ შეხვედრაში, საბოლოო ჯამში, არც თუ სასურველი შედეგი ვაჩვენეთ, ამიტომ შევეცადეთ, განმეორებით მატჩში ეს ყველაფერი გამოგვესწორებინა. ბიჭებმა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და ვეცდებით, უახლოესი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ მეორე წრისთვის მოსამზადებლად. 



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890