← სიახლე
რუსთავმა მაქაბი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

2013-12-07

  სტატისტიკა

 გალერეა

სუპერლიგის მე-8 ტური დღეს თბილისის  სპორტის სასახლეში ,,მაქაბისა'' და ,,რუსთავის''  გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა.  შეხვედრას ყველა ინტერესით ელოდებოდა, რადგან ეს 2 გუნდი აუტსაიდერების სიაში იმყოფებოდა და სეზონში არც ერთი გამარჯვება არ ჰქონიათ.  მიუხედევად ამ მოლოდინისა, ბრძოლა მხოლოდ პირველი ათწუთეული გაგრძელდა. რუსთაველები პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას   ფლობდნენ, მაქაბელებმა კი მდევრის როლი მოერგეს.   დიდი შესვენების  შემდეგ სულ სხვა სურათი აღმოჩნდა -  რუსთაველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და მაქაბის მცირე შანსიც კი არ დაუტოვეს.

”ქვემოქართლელებმა”  94:59  იმარჯვეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.  მოგებულებს ორმაგი დუბლით სერგო ათუაშვილმა ულიდერა (18 ქულა, 14 მოხსნა), 15 ქულა მიითვალა  რევაზ ჩაჩანიძემ, 11-11 ქულა ირაკლი ალხანაიძემ და ზურაბ მაჭავარიანმა მიითვალეს, ხოლო 10 ქულით დაასრულა მატჩი გიორგი ყველაშვილმა.

რაც შეეხება  მაქაბის გუნდს, მის რიგებში 21 ქულით თავი გიორგი ფერიაშვილმა გამოიჩინა, 19 ქულა კი ლევან რევაზაშვილმა დააგროვა. 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი მწვრთნელი): საინტერესო შეხვედრას ველოდით, რადგან სეზონის დასაწყისში ჩვენ და რუსთავი თანაბარი ძალის გუნდები ვიყავით. გვაკლია ლიდერი გიორგი რევაზაშვილი და მის გარეშე ვერ გამოვიყურებით ისე, როგორც საჭიროა. რუსთავსაც შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრი კალათბურთელი დააკლდა და ისინიც განიცდიდნენ  დაკომპლექტების პრობლემას. ამ შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ მოხვდებოდა პლეი ოფში. ჩემთვის საწყნია, თუმცა რუსთავისთვის სასიხარულო, რომ დაიმატეს სერგო ათუაშვილი, ძალიან სასარგებლო ცენტრი, რომელმაც დღეს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა თავის გუნდს და როგორც მოსალოდნელი იყო, მას ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღდმეგობა. ლევან რევაზაშვილსაც არ წაუვიდა სროლები.  საბოლოო ჯამში, სერიოზული სხვაობით დავმარცხდით. რუსთაველებს შორი სროლები გამოუვიდათ და ეს კარგად გამოიყენეს. იმედია, მეორე წრეში გამოვასწორებთ შედეგებს და გაცილებით უკეთ ჩავატარებთ დარჩენილ მატჩებს.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გულშემატკივარს პირველ გამარჯვებას და იმედია, ეს კარგად იმოქმედებს გუნდზე. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, დავალებას ყველამ კარგად გაართვა თავი და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ფაქტობრივად, დაშლილი გუნდი ჩავიბარე და თავიდან ვაწყობთ გუნდს, კარგი ახალგაზრდები გვეზრდებიან და დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით და თამაშის ხარისხსაც გავაუმჯობესებთ. ,,მაკაბი’’ კარგი გუნდია, რამდენიმე ძალიან პერსპექტიული კალათბურთელი ჰყავთ, რომლებიც ქართული კალათბურთის მომავალი არიან. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩემს გუნდს დღევანდელი თამაშისთვის. მათ მოახერხეს ფსიქოლოგიური წნეხის გადალახვა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

დავით მაისურაძე(,,რუსთავი’’): მივულოცო პირველ გამარჯვებას  გუნდს, ეს მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდ.  ყველა ელოდა, რომ ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული მოხვდებოდა პლეი ოფში. ახალი ცენტრი, სერგო ათუაშვილი დიდი ძალაა ჩვენთვის და იმედია, მისი დახმარებითაც მოვახერხებთ მეორე წრეში უკეთესი შედეგის ჩვენებას. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890