← სიახლე
გოგონათა ოლიმპიური ფესტივალი ამერიკულ აკადემიაში

2013-12-02

კალათბურთის ფედერაციამ ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გასულ უქმეებზე გოგონათა კალათბურთში ფესტივალი ჩაატარა. ღონისძიების მიზანი 1999 წელს დაბადებულ გოგონათა შერჩევა იყო, რომელთაგანაც ნაკრები დაკომპლექტდება და თუკი გადაწყდა, აღნიშნული ნაკრები თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელს დაიცავს.

ლისის ტბაზე, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დარბაზში გოგონათა 8 გუნდმა მოიყარა თავი. დედაქალაქში სათამაშოდ რეგიონებიდან - ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, სამტრედიიდან, რუსთავიდან და გორიდან ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ფესტივალში დედაქალაქის გუნდებიც მონაწილეობდნენ.

საპრეზენტაციო ტურნირს ესწრებოდნენ ქალთა და ზოგადად კალათბურთის სპეციალისტები, რომლებმაც ის გოგონები გამოარჩიეს, რომლებიც ნაკრების კანდიდატები გახდებიან და საგანგებო პროგრამით მოემზადებიან. უახლოეს მომავალში საბოლოოდ გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველოს გოგონათა ნაკრები ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მონაწილეობას.

ფესტივალის ფინალში თბილისის "ბასტიონი" და ზესტაფონის გუნდი გავიდნენ. გამარჯვებული "ბასტიონი" გახდა, რომელსაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი კახა შენგელია და ლელა ცანავა წვრთნიან. ფესტივალის საუკეთესო მოთამაშეებს მალე ერთ გუნდში გააერთიანებენ და საგანგებო მეთვალყურეობით მოამზადებენ.

 



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890