ფიბა-ს 3X3 საკალათბურთო რეიტინგში ფანჩულიძემ სუპერლიგის მოთამაშეები ჩამოიტოვა

cover 3x3 fanchulidze

3X3 კალათბურთი საქართველოში ფეხს იდგამს. გასულ წელს არაერთი უმაღლესი დონის ტურნირი ჩატარდა, თუმცა რაც 2014-ში იგეგმება, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს 3X3 საკალათბურთო ბუმი. საქართველოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით პირველად, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. შეიქმნება ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერ ამის ფონზე, უინტერესო არ უნდა იყოს იმ მოთამაშესთან გასაუბრება, რომელიც ფიბა-ს მიერ გამოქვეყნებულ 2013 წლის ოფიციალურ რეიტინგში საქართველოში საუკეთესოა. ფანჩულიძე უკვე მეორე წელია, პროფესიულ დონეზე აღარ თამაშობს, ქართველების რეიტინგში კი მის შემდეგ არაერთი სუპერლიგის მოთამაშეა. მაშ ასე, გვესაუბრება მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც გასულ წელს საქართველოში გამართულ არაერთ ტურნირში ხომ მიიღო მონაწილეობა და ქართული გუნდის ღირსება საერთაშორისო ასპარეზზეც დაიცვა.

         ფიბა-ს რეიტინგში 3X3 კალათბურთში  საქართველოს საუკეთესო მოთამაშე ხარ. მოულოდნელი ხომ არ იყო შენთვის ეს აღიარება?

          ფიბა-ს რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირებზე გამოვედი – შეჯიბრებაში, რომელშიც სუპერლიგის მოთამაშეები ასპარეზობდნენ. შემდეგ უკრაინის ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ჯგუფიდან გავედით, მაგრამ სამწუხაროდ პლეი ოფში  ლატვიის გუნდთან დავმარცხდით. ასეთი მაღალი დონის ტურნირებში თითოეულ გამარჯვებას ბლომად სარეიტინგო ქულა მოაქვს და აქედან გამომდინარე, ჩემი გუნდელების დიდი დამსახურებაა, რეიტინგში პირველი ადგილი რომ  მიკავია.

           რამდენ ტურნირში მიგიღია მონაწილეობა?

         მთლიანობაში 4 ტურნირში ვიასპარეზე. 3 მათგანი საქართველოში გაიმართა, ერთიც – უკრაინაში.

        ამ სეზონში საქართელოს კალათბურთის ფედერაციას 3Xკალათბურთში მრავალი გეგმა აქვს. მათ შორის, საქართელოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება. მიიღებ თუ არა აქტიურ მონაწილეობას მომავალი სეზონის მატჩებში?

       ძალიან კარგია, თუკი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ეს დონეს აამაღლებს. რაც შეეხება მონაწილეობას, თუკი რაიმე სერიოზული ხელისშემშლელი მიზეზი არ მქონდა, ყველა ტურნირში მივიღებ მონაწილეობას.

     ფიბა-ევროპა წელს პირველი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება აქვს გადაწყვეტილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს. ამ საკითხთან დაკავშირებით შენი აზრი როგორია?

   საკმაოდ საინტერესო იდეაა და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ. კარგი იქნება, თუ მოთამაშეებს ორგანიზატორთაგან მეტი წახალისება ექნებათ – ეს კონკურენციას გაზრდის. თუ ამას სათანადო პიარ-კამპანიაც დაერთვება, უკეთესი იქნება, რადგან უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება და ჩაერთვება 3X3-ზე კალათბურთში.

    შენი აზრით, ქართული გუნდები თუ იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები?

     ჩემი აზრით, ქართულ გუნდებს შეუძლიათ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული წარმატების მიღწევა. ჩემს მიერ ნახსენებ უკრაინულ ტურნირზე ჩვენს გუნდს არ უნდა წაეგო ლატვიელებთან. მათზე არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები გვყავდა, თუმცა მეტოქემ გამოცდილების ხარჯზე მოგვიგო. მომავალში მეტი გამოცდილებით წავალთ საერთაშორისო ტურნირებზე და უკრაინაში დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.

  3X3 კალათბურთში რომელ ქართველ მოთამაშეებს გამოარჩევ?

 ცალკეული მოთამაშეების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან თამაში სამი-სამზე მიმდინარეობს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა, ვიდრე რომელიმე კალათბურთელის ინდივიდუალურობა. გუნდის დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელი უფრო სხვა დეტალებია და ის გაიმარჯვებს, ვინც ერთიანობის პრინციპით შეკრიბავს გუნდს.

panchulidze-400