3X3 კალათბურთის ევროტური 2014 წელს თბილისშიც ჩამოვა

giga gurgena et

  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გრიგოლ გურგენიძე ტალინში, ფიბა-ევროპის ევროტურის ერთ-ერთ ტურნირზე იყო მიწვეული,


 სადაც როგორც შეჯიბრის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, ისე ოფიციალური შეხვედრები გამართა. გურგენიძე შეხვდა ფიბა-ევროპის 3X3 კალათბურთის ხელმძღვანელ რობერტ რებრინგერს, რომელსაც საქართველოს მხარისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე ესაუბრა და წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწია…


– ვისი მიწვევით იმყოფებოდით ტალინში და რა გახდა ამის მიზეზი?

– მოგეხსენებათ, 2013 წელს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აქტიურად ჩაერთო 3X3 კალათბურთში და თბილისსა და ბათუმში გაიმართა 2 მაღალი დონის ტურნირი. ეს ტურნირები ჩატარდა ფიბა-ს ეგიდით და შესული იყო ამ ორგანიზაციის ოფიციალურ კალენდარში. თბილისის ტურნირს საერთაშორისო სტატუსი ჰქონდა, მასში მონაწილეობა აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა გუნდმა მიიღო. ამ ტურნბირების მაღალ დონეზე ჩატარებამ, საქართველოში 3X3 კალათბურთის პოპულარიზაციამ და მასში კალათბურთის ფედერაციის აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა ის, რომ აქ მიმდინარე მოვლენებით ფიბა-ში დაინტერესდნენ. აქედან გამომდინარე, ფიბა-ევროპის 3X3 კალათბურთის ხელმძღვანელმა რობერტ რებრინგერმა ტალინში, ევროტურის მორიგ ტურზე მიგვიწვია, რათა ტურნირის ორგანიზებაში ჩავრთულიყავით და საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიგვეღო.

– იგეგმება თუ არა თბილისის ჩართვა ევროტურში?

– ტალინში ჩვენი მიწვევა და ტურნირის ორგანიზებაში ჩართვა თავისთავად გულისხმობს, რომ ფიბა-ევროპას ჩვენთან მომავალში თანამშრომლობის სურვილი გააჩნია, რაც თბილისში ევროტურის ერთ-ერთი ტურნირის ჩატარებაში გამოიხატება. 

– კონკრეტული შეთავაზება ხომ არ მიიღეთ, ან რამე ხომ არ დაიგეგმა ამ მიმართულებით?

– რობერტ რებრინგერთან შევთანხმდით, რომ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ 2014 წელს იმ მიმართულებით, რომ თბილისი ევროტურში ჩაერთოს და მის ერთ-ერთ ტურნირს უმასპინძლოს.

– რამდენად რთული იქნება ევროტურის ეტაპის მაღალ დონეზე ორგანიზება?

– საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ წლეულს ჩატარებული ტურნირებით დიდი გამოცდილება მიიღო. რა თქმა უნდა, მხოლოდ კალათბურთის ფედერაცია ასეთი მასშტაბური ტურნირის ორგანიზებაში არ იქნება მარტო. დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო, კონკრეტულად კი სპორტის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროექტებში, როგორც ეს მოხდა აქამდე უკვე გამართულ 2 ტურნირში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სპონსორებთან.

– ტალინის ტურნირში მონაწილეობა მიიღო ქართულმა გუნდმა, რომელმაც ეს უფლება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულBatumi Open-ის მოგებით მოიპოვა…

– დიახ, გუნდმა ”თბილისმა”, რომელიც ჩვენი ბათუმური ტურნირის სპონსორ ”ევროპაბეთის” დახმარებით გაემგზავრა ესტონეთში, მონაწილეობა მიიღო ტალინის ეტაპში. აღსანიშნავია, რომ ევროტურის ეტაპებზე ქართულმა გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ ”თბილისი” ჯგუფიდან ვერ გავიდა და ამის მიზეზი, პირველ რიგში, გუნდის კაპიტანის, ლაშა ეძგვერაძის ტრავმა იყო, რის გამოც გუნდს შეცვლის გარეშე თამაში მოუწია. მოგეხსენებათ, შეცვლის გარეშე კალათბურთის თამაში ძალიან რთულია, მით უმეტეს, დიდი გამოცდილების მქონე გუნდებთან. ჩვენს ჯგუფში იყვნენ ადგილობრივი, ლიტვური და სლოვენიური გუნდები. ამ ბოლო ორმა ტურნირის III-IV ადგილები გაინაწილეს. ქართველებმა ტალინში საკმაო გამოცდილება შეიძინეს, რაც მათ მომავალში როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე გამოადგებათ.