საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში 9 ივლისს დაიწყება

3x3 cover web

3×3 კალათბურთში საქართველოს მორიგი, რიგით მე-5 ეროვნული ჩემპიონატი იწყება. რეგისტრაცია მიმდინარეობს და ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პირველობაში.

3×3 კალათბურთი ცოტა ხნის წინ ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და უკვე 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. სპორტის ამ ახალ სახეობას საქართველოში უკვე საკმარისად დიდი ტრადიციები აქვს და ორგანიზებული ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს, 5 წელია, ტარდება.

წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატი 9 ივლისს, თბილისის ტურით გაისნება, რის შემდეგაც სხვადასხვა ქალაქებშიც ჩატარდება შესარჩევი ტურნირები და ფინალურ ეტაპს კვლავ დედაქალაქი უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ 9 ივლისის თბილისის შესარჩევი ტური ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ფინალური ეტაპი, რომელშიც შესარჩევი ტურნირების 16 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 22 ივლისს თბილისში ჩატარდება.

ტურნირის სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რეგისტრაცია შეგიძლიათ, გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://play.fiba3x3.com/events/6c6ceb06-9aef-48dc-b7ad-f28ac8146982