3X3 ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველოს პლეი ოფში გასვლამდე მცირედი დააკლდა

minatura eurobasket u-18 debrecen

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 3X3 საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფში დასანანი წაგებები იწვნია, რის გამოც მეოთხედფინალში ვერ გავიდა. დავით აფხაზავამ, ნიკა ლოლიშვილმა, გიორგი კორსანტიამ და გიორგი ცხოვრებოვმა ყველაფერი გააკეთეს, საფრანგეთსა და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუმინეთს ბოლომდე ებრძოლნენ, მაგრამ ბოლო წამებზე არ გაუმართლათ და მატჩები მინიმალური სხვაობით დათმეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 12 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა.

A ჯგუფი: რუმინეთი (1), საფრანგეთი (8), საქართველო (9)
B ჯგუფი: სლოვენია (2), ჩეხეთი (7), ანდორა (10)
C ჯგუფი: უნგრეთი (3), თურქეთი (6), ლატვია (11)
D ჯგუფი: გერმანია (4), ბელგია (5), სერბეთი (12)
ფრჩხილებში მითითებულია ტურნირზე განთესვის (რეიტინგის) ადგილი

შესაბამისად, მეოთხედფინალში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გადიოდა. შესაბამისად, 1 გამარჯვების მოპოვებაც საკმარისი იყო მიზნის მისაღწევად და ქართველებმა პირველივე შეხვედრა კარგად დაიწყეს, რამაც წარმატების იმედი რეალობად აქცია. მწყობრი დაცვის და ფარზე კარგად მუშაობის წყალობით ქართველები საფრანგეთთან 5:2 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს. 10-წუთიანი მატჩის მეორე ნახევარში გრანგებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს, ჩამორჩენა გააბათილეს და ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში წავიდა.

ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბოლოსწინა წუთზე ქართველები 13:12 იგებდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე ფრანგებს გაუმართლათ. ყურადღების ოდნავმა მოდუნებამ ქართველებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ხელიდან გამოაცალა – 14:!4 საბოლოო ანგარიში საფრანგეთის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

ამ დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელი 1 გზა დარჩა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუმინეთის დამარცხებაზე გადიოდა. რუმინელებმა ჩვენი ჯგუფის პირველი შეხვედრა საფრანგეთს 17:14 მოუგეს და პლეი ოფში გასვლა განაღდებული ჰქონდათ. ქართველებმა აღმოსავლეთ ევროპელებთან შეხვედრაც ისეთი წარმატებით დაიწყეს, როგორც ფრანგებთან. 3 ქულით დაწინაურების შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებს ისევ მოუდუნდათ ყურადღება, რუმინელებს კი იღბალმაც ხელი წააშველა და 2-3 ქულიან უპირატესობას დაეპატრონნენ. დასკვნით ეპიზოდში ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო 15 წამში ჩვენებმა 3 სამქულიანი ააცილეს.

თავგანწირული ბრძოლით გიორგი კორსანტიამ და ნიკა ლოლიშვილმა ფარიდან ასხლეტილი ბურთები მოხსნეს, მაგრამ დავით აფხაზავამ, რომელმაც მანამდე არაერთი სამიანი მიითვალა, შორი სროლა ვერ ჩააგდო და საბოლოოდ რუმინეთმა 16:14 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში ჯგუფის გამარჯვებულის რანგში გავიდა.

ტურნირის პირველი დღის თამაშების შედეგად პლეი ოფში 4 გუნდი გავიდა – რუმინეთი, საფრანგეთი, ანდორა და ჩეხეთი. საქართველოს მსგავსად ჯგუფიდან გასვლა სლოვენიამ ვერ მოახერხა. 10 სექტემბერს ტურნირზე დარჩენილი 2 ჯგუფის მატჩები გაიმართება, ხოლო 11-ში პლეი ოფის მატჩები ჩატარდება და გამარჯვებულიც გამოვლინდება.