ბათუმმა და ქუთაისმა 3X3 კალათბურთის საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურებს უმასპინძლა

miniatura regionis turi georgia

საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში გრძელდება. სანამ ფინალური ეტაპი გაიმართებოდეს, საქართველოს მასშტაბით შესარჩევი ტურები ეწყობა. პირველი ტური 18 ივნისს თბილისში გაიმართა, საიდანაც ფინალური ეტაპის საგზური 8 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, ხოლო 2 და 3 ივლისს შესარჩევი ტურნირები შესაბამისად ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა. 23 ივლისს თბილისში დაგეგმილი ფინალური ეტაპის საგზურები ბათუმსა და ქუთაისის ტურნირებში გამარჯვებულმა გუნდებმა მოიპოვეს.

ბათუმის ტურნირში, რომელიც დედაენის მონუმენტთან გაიმართა, თავი 14-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ და საუკეთესოებმა პირველობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან – მეოთხედფინალიდან გააგრძელეს. ფინალურ მატჩამდე წაუგებლად მივიდნენ „პონტო ფრანკო“ და Wazzap. არჩილ ბოლქვაძის, ნიკა კოკობინაძის, არჩილ ჩავლეიშვილისა და თემურ ზაქარაძის შემადგენლობით „პორტო ფრანკომ“ მეტოქე 18:10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მეორე ადგილზე გასულ Wazzap-ს და ჩემპიონებს მედლები ერგოთ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „პორტო ფრანკოს“ წევრი თემურ ზაქარაძე გახდა, რომელმაც სპეციალურ პრიზთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელ გიგა გურგებიძისგან საჩემპიონო თასიც ჩაიბარა.

მეორე დღეს, 3 ივლისს, ფიბა-ს ლიცენზირებული მოედანი ბათუმიდან ქუთაისში გადავიდა და საქართველოს ძველი დედაქალაქის რკინიგზის სადგურთან გაიშალა. ქუთაისში თავი შვიდმა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ და 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა. ტურნირი იოლად მოიგო გუნდმა სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი). ზვიად ანთაძის, კოტე ბიწაძისა და დავით ეძგვერაძის შემადგენლობით სეუ-მ ჯგუფშიც ყველა მატჩი მოიგო და პლეი ოფის ორივე შეხვედრა – ნახევარფინალი და ფინალი ერთნაირი ანგარიშით – 21:5 იმარჯვა. თუმცა ფინალური ეტაპის საგზური ფინალში წაგებულმა „დასავლეთმა“ (საბა სვანიძე, გიორგი კილაძე, ირაკლი მაცაბერიძე, დათო ჭულუხაძე) მოიპოვა, რადგან დებულების თანახმად ფინალში გადის ის გუნდი, რომელიც იმ რეგიონს წარმოადგენს, სადაც შესარჩევი ტურნირი ტარდება. სეუ თბილისის გუნდია და ფინალური ეტაპის საგზურიც თბილისის შესარჩევი ტურიდან უკვე მოპოვებული აქვს.

ქუთაისის შესარჩევი ტურნირის MVP კოტე ბიწაძე გახდა, კაპიტანმა დავით ეძგვერაძემ კი საჩემპიონო თასი ჩაიბარა. მორიგი შესარჩევი ტურები 9 და 10 ივლისს – შესაბამისად თელავსა და რუსთავში გაიმართება.