3X3 კალათბურთის სეზონი 2 ტურნირით გაიხსნა

12_15

საქართველოს 3X3 საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. 14 და 15 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში წლის საწყისი ტურნირები ჩატარდა სახელწოდებით „ახალგაზრდული ფესტივალი“ და „საგაზაფხულო ფესტივალი“. ტურნირების ორგანიზატორი იყო საქართელოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭრი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

ახალგაზრდულ ფესტივალში მონაილეები 18 წლამდე დაიშვებოდნენ, ხოლო საგაზაფხულო ფესტივაში ასაკის ქვედა ზღვარი გახლდათ 18 წელი. ორივე ტურნირმა ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. ახალ სპორტის სასახლეში მცირე გამონაკლისით თავი ყველა იმ მოთამაშემ მოიყარა, რომელიც დღესდღეობით 3X3 კალათბურთში საქართველოში საუკეთესოები არიან.

18-წლამდელთა ტურნირში თავი 13-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 გუნდი გავიდა, რომლებმაც პირველობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან გააგრძელეს. პლეი ოფის პირველ რაუნდში იოლად იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ გუნდები KG, Ballis life, TM და Boston.

ფინალში გასასვლელი მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა. KG-იმ, რომლის ღირსებასაც ნიკა ჭანტურია, გიორგი გვიანიძე, ნიკა ლოლიშვილი და ალექსანდრე კაკუბერი იცავდნენ, 18:15 დაამარცხა Ballis life, ხოლო TM-მა Boston-ს 18:16 მოუგო. ფინალურ მატჩში გიორგი ცხოვრებოვის, დავით აფხაზავას, ლუკა მაზიაშვილისა და ნიკა ლეონიძისგან შემდგარმა TM-მა 18:17 მოუგო KG-ის და ჩემპიონი გახდა.

ფინალის ორივე მონაწილე შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, ჩემპიონი გუნდის წევრ გიორგი ცხოვრებოვს სპეციალური პრიზი გადაეცა, ხოლო კაპიტანმა დავით აფხაზავამ გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებული თასი ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელ გიგა გურგენიძესგან ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისს საქართველოს ნაკრები 3X3 კალათბურთში მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ასტანაში გაიმართება. ნაკრებში მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ მოთამაშეებს გააჩნიათ, რომლებსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მინიმუმ 2 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული.

15 მარტს გამართული საგაზაფხულო ფესტივალი მეტი დაძაბულობით გამოირჩა. ეს განსაკუთრებით პლეი ოფის, უფრო კი ნახევარფინალურ მატჩებზე ითქმის, რომელშიც ძალიან დაძაბული და დრამატული მატჩები გაიმართა. მანამდე კი გუნდებმა ჯგუფური ეტაპი და მეოთხედფინალური ორთაბრძოლები მოილიეს. ახალგაზრდული ფესტივალის მსგავსად, მონაწილე აქაც 13 იყო და გათამაშების სისტემაც ანალოგიურად დაიგეგმა. 4 ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო, ანუ 8 გუნდი გავიდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.

პლეი ოფში ყველა წამყვანი მოთამაშე გავიდა. ესენი გახლდნენ სუპერლიგის, „ა“ ლიგისა და ასაკობრივი ლიგების წარმომადგენლები. მეოთხედფინალური მატჩები იოლად მოიგეს გუნდებმა – „ვივუსი“, „ურბან ფიტენს“ და სეუ, ხოლო „ვესტს“ დიდი ძალისხმევა სასჭირდა „მუხბეს“ გასატეხად. ძმებმა ჯანხოთელებმა, ზაზა გაგნიძემ და ჯაბა არაბულმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მომავალ ფინალისტს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – 13:17.

ნახევარფინალებში კი ნამდვილად დიდი ბრძოლები გაიმართა. „ვესტმა“, რომლის ღირსებასაც დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები – ვიქტორ კოღუაშვილი, ირაკლი მაცაბერიძე, რომან ტუკვაძე, ასევე რუსთაველი, გიორგი ოქროჭელიძე იცავდნენ, ბოლო წამებზე – 13:11 დაამარცხეს სეუ და ფინალში გავიდნენ. სეუ-ს აკლდნენ ამ გუნდის შემქმნელები – დავით და ლაშა ეძგვერაძეები, თუმცა გუნდში მაინც ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: ლევან ტუხაშვილი, გუგა პატარაია, ტატო ჩაჩიბაია და რატი ტოლიაშვილი.

მეორე ნახევარფინალში მონაწილე 8 კალათბურთელიდან 2 სუპერლიგის იყო, 6 – „ა“ ლიგის. „ურბან ფიტნესმა“ და „ვივუსმა“ ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს. ურბანელები (ბექა ჩიკვილაძე, ვახტანგ ქადარია, ავთანდილ ელიაშვილი, გიორგი ხანიაშვილი) 7 ქულას იგებდნენ, თუმცა „ვივუსის“ სნაიპერმა კაკი ლომოურმა, რომელსაც ირაკლი გაბისონია, ზურა მაისურაძე და ვასილ კუტალაძე ეხმარებოდნენ, სამქულიანების (რომელიც 2 ქულად ფასობდა) ფოიერვერკი მოაწყო და ანგარიში ბოლო წამებზე გაათანაბრა. ოვერტაიმში გადასული ბრძოლა ლომოურის ორიანით დასრულდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 22:20.

ფინალში ისეთი ბრძოლა არ შედგა, როგორიც ნახევარფინალები იყო. „ვივუსს“ მატჩისთვის განკუთვნილი 10 წუთი არ დასჭირდა, 21 ქულამდე ასულიყო და შეხვედრის მოგებით ჩემპიონობა მოეპოვებინა. საბოლოო ანგარიშია 21:12. მეორეადგილოსანი „ვესტი“ და გამარჯვებული გუნდი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. საუკეთესო მოთამაშედ კაკი ლომოური დასახელდა, ხოლო საჩემპიონო თასი ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელ გიგა გურგენიძისგან ვასილ კუტალაძემ ჩაიბარა.

ახალგაზრდული და საგაზაფხულო ფესტივალები, ისევე როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული 3X3 კალათბურთის ყველა ტურნირი, ფიბა-ს ოფიციალურ კალენდარში იყო ჩასმული და მისი შედეგები ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, რეიტინგებშია ასახული.

ახალგაზრდული ფესტივალის ფოტოები (14 მარტი):




საგაზაფხულო ფესტივალის ფოტოები (15 მარტი):