3X3 კალათბურთში სეზონი 14 მარტს გაიხსნება

spring

3X3 კალათბურთის სეზონი იხსნება. 14 და 15 მარტს თბილისის სპორტის ახალი სასახლე წლის პირველ ტურნირებს უმასპინძლებს. სასახლის „ბ“ დარბაზში 2 ტურნირი გაიმართება. 14 მარტს, ახალგაზრდულ ფესტივალში ასპარეზი 18-წლამდელებს (1998 წელს და შემდეგ დაბადებულებს) დაეთმობათ, 15 მარტს დაგეგმილ ტურნირში – საგაზაფხულო ფესტივალი – მონაწილეები 19 წლიდან დაიშვებიან.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 1-5 ივლისს ყაზახეთის ქალაქ ასტანაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ნაკრები დასაკომპლექტებელია და 14 მარტის ტურნირზე თავგამოჩენილი კალათბურთელებს მასში მოხვედრის შანსი ექნებათ.

ამ მხრივ გამონაკლისი არც 15 მარტის ტურნირი იქნება. საქართველოს 3X3 კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა, რომლის გამართვის დრო და თარიღი ჯერ არაა ცნობილი. სწორედ კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში უნდა გამოვლინდნენ საქართველოს ნაკრებების კანდიდატები და საბოლოოდ, წევრებიც.

ტურნირებში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია დაწყებულია. მსურველები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ვებ-გვერდზე 3X3planet.com, რის შემდეგაც შესაბამისი ტურნირის გვერდზე სამონაწილეო ანკეტა უნდა შეავსონ.