3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი თურქეთი გახდა

eurobasket 2013 3x3 u-18 minksi

დასრულდა 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა და რომელშიც კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის საქართველომაც იასპარეზა.

16 გუნდი 4 ქვეჯგუფში იყო განაწილებული და მეოთხედფინალში ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი გადიოდა. სამწუხაროდ, საქართველო ვერ მოხვდა იმ 2 გუნდს შორის, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ასპარეზობა მეოთხედფინალიდან გააგრძელეს. საქართველოს ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ თურქეთი და ბელარუსი, რომლებმაც ჩემპიონატზე საბოლოოდ პირველი და მეოთხე ადგილები დაიკავეს. თურქეთი, რომელთანაც საქართველომ ჯგუფში 11:19 წააგო, ევროპის ჩემპიონი გახდა. თურქებმა მეოთხედფინალში იტალია 16:15 დაამარცხეს, ნახევარფინალში ესპანეთს 12:11 სძლიეს, ხოლო ფინალში საფრანგეთსაც დრამატული ბრძოლა მოუგეს (16:14) და ჩემპიონები გახდნენ.

რაც შეეხება ბელარუსს, რომელიც საქართველომ გასული თვის ბოლოს, იტალიაში გამართულ შესარჩევ ტურნირში იოლად დაამარცხა, მინსკის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ბელგიას სძლია (21:15) და ნახევარფინალში საფრანგეთთან 9:20 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ბელარუსი ესპანეთს შეხვდა და დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში – 15:18 წააგო ესპანეთთან. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მატჩი გამართა. ქართველებმა ჯგუფში თურქეთთან და ბელარუსთან წაგების შემდეგ საკმაოდ მძლავრ ისრაელს 19:15 მოუგეს.

საბოლოოდ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის 16 გუნდში მე-12 ადგილი დაიკავა.