საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება

3x3 gverdistviiis  cover minskii

დღეს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტს აიღებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრებში საქართველოცაა, რომელმაც ტურნირში მონაწილეობის უფლება გასული თვის 26 ივლისს, იტალიის ქალაქ რიჩიონეში მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მთლიანობაში 16 ნაკრები მონაწილეობს. ესენი არიან: ისრაელი, საფრანგეთი, ლატვია, სომხეთი, დანია, ესპანეთი, პოლონეთი, თურქეთი, იტალია, მაკედონია, ლიტვა, რუსეთი, ბელგია, გერმანია, საქართველო და ბელარუსი.

16 გუნდი 4 ქვეჯგუფშია განაწილებული და მომდევნო, მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გადის. ანუ ჯგუფებში 2-2 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 21 და 22 აგვისტოსაა დაგეგმილი. ქართველების პირველი მეტოქე მასპინძელი ბელარუსი იქნება, ხოლო დღის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთთან გამართავს. მეორე დღეს, 22 აგვისტოს, ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველები ისრაელს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების ღირსებას კონტინენტის პირველობაზე დაიცავენ მოთმაშეები – კოტე ბიწაძე, მიხეილ ჯაჯვანი, ტარილ ზუზაძე, ვასო კუტალაძე და გუნდის ხელმძღვანელები – გიორგი ზაბახიძე, გიგა გურგენიძე და ალეკო პეტრიაშვილი.