3X3 კალათბურთში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

miniatura 3x3 evropaaa

3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. 21-23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გასამართი კონტინენტის პირველობის ქვეჯგუფებში მონაწილეები განაწილდა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ისრაელი, თურქეთი და მასპინძელი ბელარუსი.

ევროპის ჩემპიონატის საგზური საქართველოს ნაკრებმა გასული თვის ბოლოს, იტალიის ქალაქ რიჩიონეში გამართულ შესარჩევ ტურნირში მოიპოვა, როცა გადამწყვეტ მატჩში სერბეთის ნაკრებს 19:15 სძლია. საქართველოსთან ერთად იტალიის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ფინალურ ეტაპზე გავიდნენ თურქეთის, ესპანეთის, იტალიისა და პოლონეთისა ნაკრებები.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაოპზე მთლიანობაში 16 ნაკრები მონაწილეობს. ესენი არიან: ისრაელი, საფრანგეთი, ლატვია, სომხეთი, დანია, ესპანეთი, პოლონეთი, თურქეთი, იტალია, მაკედონია, ლიტვა, რუსეთი, ბელგია, გერმანია, საქართველო და ბელარუსი.

16 გუნდი 4 ქვეჯგუფშია განაწილებული და მომდევნო, მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გადის. ანუ ჯგუფებში 2-2 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი 4 აგვისტოს, ფიზმომზადებით დაიწყო. ჩვენს ნაკრებს დაგეგმილი აქვს რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა, რის შემდეგაც, გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად გეზს ბელარუსისკენ აიღებს.