საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროსაკვალიფიკაციოს იტალიაში თამაშობს

3x3 nakrebi 111

3X3 კალათბურთელთა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიის ქალაქი რიჩიონე მასპინძლობს, სადაც ევროპის 9 ნაკრებმა მოიყარა თავი და ფინალურ ეტაპზე გასასვლელი 5 საგზურისთვის იბრძვის.

ეს გახლავთ ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური, პირველს კი ჰოლანდიის დედაქალაქმა ამსტერდამმა 18-19 ივლისს უმასპინძლა. ჰოლანდიაში 9 ქვეყნის ნაკრებმა მოიყარა თავი, ფინალური ეტაპის საგზურები კი მოიპოვეს: მაკედონიამ, ლიტვამ, რუსეთმა, ბელგიამ და გერმანიამ. მასპინძელი ჰოლანდია, ჩეხეთი, ანდორა და უელსი განზე დარჩნენ.

რაც შეეხება იტალიაში დღეს დასაწყებ შესარჩევ ტურნირს, რიჩიონეს მზიან სანაპიროზე თავი შემდეგმა ნაკრებებმა მოიყარეს. გთავაზობთ მონაწილეებს ჯგუფების მიხედვით:

„ა“ – სერბეთი, იტალია, ესპანეთი, ბელარუსი, საქართველო

„ბ“ – პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, თურქეთი

რიჩიონეს მოედნები დღისით და ღამით

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატს 21-23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს და ამ ქვეყნის ნაკრებს ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს. ბელარუსები იტალიაში უკონკურსოდ, გამოცდილების მისაღებად თამაშობენ. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფური თამაშები საიმისოდაა, რომ გუნდებმა ადგილები გაინაწილონ და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავენ კოტე ბიწაძე, ტარიელ ზუზაძე, ვასილ კუტალაძე და მიხეილ ჯაჯვანი. ამ მოთამაშეებისგან შემდგარმა გუნდმა სახელად „Bench“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს 3X3 კალათბურთის ჩემპიონატის ყველა შესარჩევ ტურსა და ფინალურ ეტაპში, რითაც დიდი გამოცდილება დააგროვა.

ჯგუფის თამაშები რიჩიონეს პლაჟზე დღეს გაიმართება. საქართველო ამ თანმიმდევრობით ითამაშებს: ესპანეთი, იტალია, სერბეთი დაბოლოს ბელარუსი. პლეი ოფის მატჩები 26 ივლისს ჩატარდება და როგორც ვთქვით, საუკეთესო 5 გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ევროპის ჩემპიონატის მესამე და უკანასკნელი შესარჩევი ტურნირი 1-2 აგვისტოს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებიც 16-ამდე შეივსება.