არენამ 3X3 კალათბურთში ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა

cover 3x3 arena 3x3

სპორტ-კომპლექსმა არენამ 3X3 კალათბურთში ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა. ტურნირები 2 ასაკში – 15 და 18 წლამდელებში ჩატარდა და საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა, ორგანიზატორთაგან სხვადასხვა პრიზები იყო დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი 3X3 კალათბურთის საერთაშორისო კალენდარში იყო ჩასმული და მასში მონაწილენი დამსახურების შესაბამისად სარეიტინგო ქულებსაც დაიწერენ. რეიტინგი იმისთვისაა საჭირო, რომ საქართველოს მასშტაბით მეტი ქულა დააგროვო და შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი გაიზარდოს.

ეროვნული ნაკრების შერჩევა პირდაპირ დაკავშირებული იყო გუშინდელ 18-წლამდელთა ტურნირთან. ამ და კიდევ მომავალ შეჯიბრებათა შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ითამაშებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მოუწევს ასპარეზობა.

გუშინდელი 18-წლამდელთა ტურნირი გუნდმა „სოხუმმა“ მოიგო, რომელმაც დაძაბულ ფინალში 17:16 დაამარცხა fantastic four-ი. სოხუმის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვიტალი ცქიფურიშვილი, რომა კვერნაძე, ტატო ზუზაძე და კოტე ბიწაძე. ეს უკანასკნელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელისგან, გრიგოლ გურგენიძესგან სპეციალური პრიზიც ჩაიბარა.

„სოხუმის“ გუნდმა ფულადი ჯილდო – 1000 ლარი მოიგო, ხოლო ფინალში დამარცხებულმა გუნდს დათო აფხაზავას, გიორგი ცხოვრებოვის, ნიკა დარბაიძისა და ლუკა გიორგაძის შემადგენლობით 500 ლარი ერგო.

15-წლამდელთა ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი WOW, რომელმაც ფინალურ მატჩში „ორბს“9:7 სძლია. ტურნირის გამარჯვებულმა გუნდმა 3-4 მაისს იტალიის დედაქალაქ რომში გასამართი საერთაშორისო ტურნირის საგზური მოიგო. 15-წლამდელთა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონი გუნდის ლიდერი ბექა ხაჩიური დასახელდა.

ტურნირი საკმაოდ დიდ ხანს – დილიდან დაღამებამდე გაგრძელდა. მონაწილეთა აქტივობა დიდი იყო. ორივე ტურნირში მთლიანობაში 34-მა გუნდმა იასპარეზა.