საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

cover 3x3 u-18

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. მსოფლიოს პირველობა 2015 წლის ივნისის თვეში, ტუნისში გაიმართება.

3X3 კალათბურთში საქართველოს სანაკრებო გამოცდილება გააჩნია. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გასულ ივლისში ჰოლანდიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზა და ფინალურ ეტაპზე გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. საქართველო ბურთების შეფარდების გამო ვერ მოხვდა კონტინენტის პირველობაზე. დღესდღეობით საქართველო ევროპის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები იმ მოთამაშეებიდან უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც 1997 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულნი და 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ფიბა-ს მიერ ლიცენზირებულ მინიმუმ 2 ტურნირში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი რუსეთის დედაქალაქში გაიმართა და მას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიწვეული საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა. 2014 წელს ჩატარდა 3X3 კალათბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატიც, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა და „თბილისი მოლში“ გამართული ფინალური ტურნირით დასრულდა.

გთავაზობთ მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდს:

ანდორა, არგენტინა, ბრაზილია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, გვატემალა, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი,ლიტვა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, პოლონეთი, პუერტო რიკო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, ტუნისი, თურქეთი, ურუგვაი,აშშ, ვიეტნამი.