ბაჩოს თასის გამარჯვებული 3X3 კალათბურთში “რუსთავი2” გახდა

3x3 bachos tasi miniatrura

13 ივლისს, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის წინ გაიმართა „ბაჩოს თასის“ ფინალური მატჩი. ეს გახლდათ 29 ივნისს გამართული, ტრაგიკულად დაღუპული ჟუგაზეთ „სარბიელის“ ჟურნალისტის, ბაჩი სვანიძის ხსოვნის ტურნირის ფინალი.

„ბაჩოს თასის“ ორგანიზატორთა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შეთანხმებით, 29 ივნისს გამართული მედიატურნირის ფინალი 3×3 კალათბურთში საქართელოს ჩემპიონატის ფინალს დაამთხვიეს.“ბაჩოს თასის“ ფინალში ერთმანეთს „რუსთვი 2“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შეხვდნენ.

მატჩი ტელევიზიის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. „რუსთავი 2“-მა მეტოქე 14:4 დაამარცხა და „ბაჩოს“ თასს დაეუფლა. თასი და სპორტის სამინისტროსგან დაწესებული საჩუქრები გამარჯვებულს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კანდელაკმა გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ „რუსთავი 2“-ის წევრი, დიმიტრი ობოლაძე დასახელდა, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სუპერლიგის პრეს-სამსახურის უფროსმა თამუნა რუაძემ გადასცა.

რუსთავი 2-ის გუნდი  3X3 კალათბურთში ფინალური ეტაპის სპონსორის – კლუბ „იუნიქის“ ვაუჩერით დაჯილდოვდა.

პაპუნა ფირალიშვილი („ბაჩოს თასის“ მონაწილე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდის წევრი): მეოთხე  წელია,  რაც  სამინისტრო ბაჩო სვანიძის სახელობის ტურნირს ატარებს. წელს პირველად ჩატარდა ტურნირი 3X3 კალათბურთში და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ჯერ ფეხბურთის ტურნირი გქონდა ფეხბურთის ფედერაციის მოედანზე, შემდეგ კი კალათბურთი დავიწყეთ ვაკის პარკში და დღეს, ,,თბილისი მოლში’’ დავასრულეთ. ფინალში, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ვულოცავ ,,რუსთავი 2’’-ს დამსახურებულ გამარჯვებას.

დიმიტრი ობოლაძე („ბაჩოს თასის“ მონაწილე, „რუსთავი 2-ის“  გუნდის წევრი):  მახსოვს პირველი ტურნირები ქუჩის კალათბურთში, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ვატარებდით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ვხედავთ რა ხდება კალათბურთში. გრანდიოზული ტურნირი გაიმართა და ვფიქრობ, სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს და უფრო მაღალ დონეზე ავალთ. რაც შეეხება ბაჩოს  თასს, ბაჩო ჩემი მეგობარი იყო, საუკეთესო ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს,  პრიზები სიმბოლურია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და იმედია ეს ტურნირი  მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.